ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე, გიგა შუშანია გიორგი გახარიას გადადგომას აფასებს და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომით ნათლად ჩანს ის კრიტიკული მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია შექმნილი.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერის განცხადება ნათლად მიანიშნებს, რომ ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება შიდა პარტიულ წრეებში იყო მიღებული და ეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ ყოფილა.
,,დღეს დავინახეთ, რომ ქვეყანაში არა მხოლოდ ღრმა პოლიტიკური კრიზისი, არამედ ღრმა სახელისუფლებო კრიზისიცაა. აქედან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. ჩვენი მიზანი არა კრიზისის შექმნა, არამედ გამოსავლის ძიებაა’’-ამბობს გიგა შუშანია.
მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” მზადაა ვადამდელი არჩევნების თემაზე ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად.
გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. გადადგომის მიზეზად ის ნიკა მელიას საკითხზე გუნდისგან განსხვავებული პოზიციის ქონას ასახელებს. გიორგი გახარია აცხადებს, რომ ერთი ადამიანის მიმართ, თუნდაც, კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, არის მიუღებელი.