პრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გახარიამ
გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გახარია ამბობს, რომ მისი გადადგომის მიზეზი ნიკა მელიას საკითხზე გუნდისგან განსხვავებული პოზიციის ქონა გახდა. გახარია აცხადებს, რომ ერთი ადამიანის მიმართ, თუნდაც, კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, არის მიუღებელი.
“სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არის ყველზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის და ეკონომიკური განვითარების,”- განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრს გადადგომის დროს უფლებამოსილება უწყდება. გადამდგარია მთავრობაც და ის მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.