ბინზესპარტნიორის მკვლელობაში მსჯავრდებულის

ალექსანდრე ტოგონიძის ახლობლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ტოგონიძე უდანაშაულოა და სამართალდამცველებმა აღიარებითი ჩვენება ძალადობითა და მუქარით მოიპოვეს. მსჯავრდებულის ახლობლები საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ.

“ჩემმა შვილმა აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შემდეგ მისცა. სასტიკად სცემეს. შვილებით დაემუქრნენ. სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს. მას მისი მეგობარი არ მოუკლავს. სასამართლოს სულ ყალბი ჩვენებები აქვთ. იმ დღეს გარდაცვლილი ჩვენთან იმყოფება სტუმრად, ღამე ჩვენთან გაათია, ალბათ, ამიტომ ადანაშაულებდნენ,”-ამბობს მსჯავრდებულის დედა ნათია ტოგონიძე.

მსჯავრდებულის მეუღლე, ნანა დარბაიძე ამბობს, მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანი სასამართლოა. მისივე თქმით, გარდა იძულებით აღიარებისა, საქმეში მტკიცებულებები არ არის. მისი განმარტებით, გარდაცვლილსა და მსჯავრდებულს შორის დაძაბულობა არ ყოფილა.

2018 წლის 14 მაისს, ვანის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონის სანაპიროზე ლითონის კასრში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. ბიოლოგიური ექსპერტიზის შედეგად მოკლული მამაკაცი ნიკოლოზ ქუმსიშვილი აღმოჩნდა. თითქმის ერთი წლის შემდეგ, სამართალდამცავებმა ქუმსიშვილის მეგობარი, ალექსანდრე ტოგონიძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ტოგონიძემ ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფინანსური დავის გამო, კუთვნილი არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით თავისი ბიზნესპარტნიორი, ნიკოლოზ ქუმსიშვილი მოკლა. ბრალდებულმა ცხედარი, დანაშაულის დაფარვისა და კვალის წაშლის მიზნით, ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *