ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
თავმჯდომარე გიგა შუშანია ქუთაისში უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელს აპროტესტებს და სავარაუდო კორუფციაზეც საუბრობს. შუშანია ქალაქის მერს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ცენტრში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, მერის ხელშეწყობით მეორადი ასფალტი მიაქვთ, რომელსაც შემდეგ კერძო კომპანიებზე ყიდიან.
“ქუთაისის მერს ცენტრალური მაგისტრალიდან 50 მეტრში მოწყობილი აქვს უკანონო ნაგავსაყრელი. ეს არის მეორადი ასფალტი, რომელიც მთელი ქუთაისიდან მოაქვთ და ყიდიან კერძო სტრუქტურებზე. ნაცვლად იმისა, რომ ქალაქის მერი ამ პრობლემების მოგვარებით იყოს დაკავებული, ულტიმატუმებს უყენებს ყვავილებით მოვაჭრეებს, თითქოს ქალაქის იერსახეზე ზრუნავენ. სინამდვილეში, სახეზეა კორუფცია,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
ბრალდებებს უპასუხეს ქუთაისის მერიაში.
“Როგორც მოგეხსენებათ ქუთაისში მიმდინარეობს წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია რომლის ანაფრეზი მასალაც ამდროისთვის კოლეჯ “იბერიას” მიმდებარე ტერიტორიაზა დასაწყობებული და სამომავლოდ ისევ რეაბილიტაციის პროცესში იქნება გამოყენებული.
გავრცელებული ინფორმაცია ანაფრეზის უკანონო გაყიდვისა და განთავსების შესახებ, არის სიცრუე და ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას,”-ნათქვამია მერიის განცხადებაში.