საპროტესტო კარვის გვერდით, რომელიც ქუთაისის მერიის წინ, ცენტრალურ ბულვარში მდებარეობს,
სტიკერები გააკრეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
,,ამ სტიკერებით კიდევ ერთხელ შევახსენეთ მოსახლეობას , რომ თამარ ჟვანია და ბიძინა ივანიშვილი ხმების ქურდები არიან. ამან გააღიზიანათ და ჩვენს დაჯარიმებას აპირებდნენ, მაგრამ აქტივისტებმა თავიანთი კანონიერი პროტესტიო ბოლომდე გაიტანეს. სტიკერის გაკვრას არცერთი კანონი არ კრძალავს,’’-ამბობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ირაკლი გვალია.
,,მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ჩართული კამერებით გადმოვიდნენ და დაიწყეს ოქმების შედგენა. გვითხრეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის არეალში სტიკერის გაკვრის უფლება არ გვქონდა. ამ ადამიანებს შორის იყო პიროვნება, რომელმაც ერთი წლის წინ ბუჩქზე პლაკატის გაკვრის გამო ჯარიმა დამიწერა და სასამართლომ დასცინა , რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ბუჩქი გამოიყვანა. ასევე ამ პიროვნენებს შორის ერთ-ერთი ის იყო, ვინც ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის შენობაში მდებარეობს, კვერცხები დაუშინა. აი ასეთი ადამიანები გვიკითხავენ მორალს, ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია,’’-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, მიხეილ გეგეშიძე.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში უკვე მე-17 დღეა საპროტესტო კარავია გაშლილი. აქციის მონაწილეები 2020 წლის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.