ქუთაისში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა
განაახლა. ქალაქის სატრანსპორტო ქსელში ჩაერთო ახალი მუნიციპალური ავტობუსებიც. პირველ ეტაპზე ფუნქციონირება 36-მა ავტობუსმა დაიწყო. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ტრანსპორტი დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:45 საათამდე იმუშავებს. მძღოლი და მგზავრი ვალდებულია ატაროს პირბადე. ტრანსპორტს დეზინფექცია ყოველ საღამოს ჩაუტარდება. მგზავრობის ღირებულება ამ დროისთვის 40 თეთრია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ტრანსპორტის მუშაობა ნებადართული გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო. ახალი რეკომენდაციების მიხედვით კი მუშაობის შაბათ-კვირას შეჩერება მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება, რადგან მათ გადაადგილება კვლავ ტაქსით მოუწევთ, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული.
რაც შეეხება ახალ ტრანსპორტს, გამოკითხული მოქალაქეები მომსახურებით კმაყოფილი არიან.
“ახალ ტრანსპორტში დისტანცია დაცული იყო. დღეს ცოტა ხალხიც იყო და ყველა სკამი შევსებულიც არ იყო. ტრანსპორტით კმაყოფილი ვარ. შაბათ-კვირასაც უნდა იმუშაონ, რადგან ტაქსით გადაადგილება ძვირი ჯდება. არ ვცხოვრობთ ჩვენ იმ ქვეყანაში, რომ ვისხდეთ სახლში და დანაზოგი გვქონდეს ბანკში,”-აცხადებენ მგზავრები.
ავტობუსებში დაინერგება ელექტრონული გადახდის სისტემა. ბილეთის შეძენა ყველა გადახდის აპარატში იქნება შესაძლებელი.
ქუთაისს ჯამში 60 ახალი ავტობუსი მოემსახურება.
ფოტო: “ძველი ქალაქი”