1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ავიარეისებზე შეზღუდვა
multicat=36 მოიხსნა, თუმცა, ფრენები მხოლოდ თბილისის აეროპორტში განახლდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ განრიგებში ქუთაისი არ იძებნება. ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი, ლაშა ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიზანმიმართულად ხორციელდება. ბერეკაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ თბილისის აეროპორტის დატვირთვით, ქუთაისში შესაძლოა მაქსიმუმ 20-მდე სასტუმრომ იმუშავოს, ხოლო ქუთაისის აეროპორტში ფრენების აღდგენა ქალაქში 3 000-მდე განთავსების ობიექტს აამუშავებს.
“ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება. როცა გასულ წელს პანდემიის პირობებში ფრენები აღდგა, მაშინაც თბილისის აეროპორტი დატვირთეს. ქუთაისის აეროპორტზე საუბარიც კი არ ყოფილა. აქცენტი მთლიანად თბილისზეა გადატანილი, ქუთაისის აეროპორტი გაჩერებულია. თუ უმოკლეს ვადებში ქუთაისიდან ფრენები არ აღდგა და არ იქნა პოზიტიური გზავნილები ხელისუფლების მხრიდან, სექტორი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. სამწუხაროა, რომ ქუთაისის აეროპორტის არ აღმოჩნდა ძლიერი ლობი,”-განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.
ბერეკაშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვერც შიდა ტურიზმმა იმუშავა. იმერეთი და ქუთაისი ტურისტული მარშრუტიდან ამოვარდნილი იყო. კამპანია გვიან დაიგეგმა.
“არ იმუშავა იმერეთის ტურიზმის ცენტრმა. არასწორი მენეჯმენტის ბრალია. არ გეგმავენ რაიმე ხელშესახებ ღონისძიებებს. მხოლოდ სტიკერების გაკვრა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებებზე საკმარისი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი რუტინა,”-ამბობს ბერეკაშვილი.
მთავრობამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა. ქვეყანაში შეზღუდვები გარკვეული პერიოდებით ხანგრძლივდებოდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე