წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე
კომპანიებმა საჯაროდ წარადგინეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სექტემბერში გამოცხადებულ კონკურსში წინადადებები სამმა კომპანიამ – შპს “ბაუ დიზაინმა”, შპს “დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეორგაფიკმა” და შპს “არტსტუდიო-პროექტმა” წარადგინა.
წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, კონკურსში გამარჯვებული კომპანია წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციას ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში შეიმუშავებს.
იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განმარტებით, მშენებლობის ეტაპი მომავალი წლიდან დაიწყება და 3-4 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
წყალტუბოს გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს.
გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული გენგეგმა დაადგენს, თუ რა მოცულობის მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში. იმ ტერიტორიაზე, სადაც განლაგებულია ძირითადი საინვესტიციო პროექტები – ძველი სანატორიუმები, რომლებიც საპრივატიზაციო ნუსხაში დასახელდება. ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპრივატიზაციო წინადადებებს გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად მოამზადებს.