„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის V შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში იმერეთის მუნიციპალიტეტიც მოხვდა. ქუთაისში
სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები გამოვლინდა.
სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტად შეფასდა ქუთაისში, ოთარ კახიძის ოფისზე თავდასხმა. ევროპული საქართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთარ კახიძის ოფისს უცნობმა პირმა აგური ესროლა და ბანერი დააზიანა, რასაც სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია მისცა და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეფასდა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის გახსნის ცერემონიაზე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის ზაზა ლომინაძის დასწრება. პარტია ,,ლელოს’’ ინფორმაციით, ,,ლელოს’’ წარმომადგენელს თეატრის ადმინისტრაციამ ღონისძიებაზე დასწრებაზე უარი უთხრა, რის მიზეზადაც ის ფაქტი დაასახელა, რომ ღონისძიებაზე პრეზიდენტი იმყოფებოდა და გარეშე პირებს ვერ შეუშვებდნენ. ზაზა ლომინაძე კი ღონისძიებასაც დაესწრო და საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობის შემთხვევები ორგანიზაციამ თერჯოლაში, ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, საჩხერეში, წყალტუბოში, ხარაგაულში გამოავლინა.