,, ლეიბორისტული” პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს.
როგორც მერობის კანდიდატი ამბობს, ააიპების სახელფასო ფონდი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორჯერ გაზარდა, რაც ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვაა. ირაკლი კიკვაძის თქმით, ააიპებში იმაზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე რეალურადაა საჭირო და ამის გამო მილიონობით თანხა იფლანგება.
,, 2017 წლისთვის ქუთაისის მერია ააიპების სახელფასო ფონდში 4 მილიონ-ნახევარ ლარს ხარჯავდა, ახლა 8 მილიონ-ნახევარს ხარჯავს. ნელ-ნელა ააიპები ემატება და დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება, რაც რეალურად საჭირო არაა. ამ ფორმით თავიანთ ხალხს ასაქმებენ. ფაქტობრივად, ააიპი ,,ქართული ოცნების” პარტიული აქტივის თავშესაფრად იქცა, მერია ხალხის ფულს თავისი აქტივისტების შესანახად იყენებს. ეს არის დანაშაულებრივი პოლიტიკა და სისხლის სამართლის საქმე” – ამბობს ირაკლი კიკვაძე.
ირაკლი კიკვაძის თქმით, ქუთაისის მერად მისი არჩევის შემთხვევაში საბიუჯეტო პოლიტიკა შეიცვლება და დაზოგილი თანხები საგანმანათლებლო და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. ააიპებში კი მხოლოდ თავიანთი საქმის პროფესიონალები დარჩებიან.
ქუთაისის მერიაში სულ 12 ააიპია.