ალექსანდრე ელისაშვილის პარტია ,,მოქალაქეები” ქუთაისში მაჟორიტარობის
კანდიდატად იოსებ კენჭაძეს წარადგენს. კენჭაძის თქმით, მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში, ის პარლამენტში დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობების გაძლიერების საკითხებზე იმუშავებს.
იოსებ კენჭაძის წარდგენა დღეს გაიმართება.
,,ქუთაისს არასდროს ჰყოლია რეალური წარმომადგენელი პარლამენტში, რომელიც იქნებოდა ქუთაისისა და იმერეთის ხმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. თვითმმართველობების გაძლიერება, მეტი დამოუკიდებლობა და რეგიონალური პოლიტიკის გააქტიურება -ეს ის საკითხებია, რამაც მიბიძგა გადამედგა ნაბიჯი პოლიტიკაში შესასვლელად. ჩემი კერძო სამართლებრივი ურთიერთობით არაერთი ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საინვესტიციო შესაძლებლობა ჩამომიტანია საქართველოში. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს გადაწყვეტილების უნარიანი თვითმმართველობები, არ არსებობს მყარი ნება დასავლეთთან აქტიური ეკონომიკური ურთიერთობების გაბმის, არ არსებობს გრძელვადიანი განვითარების გეგმა. მინდა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად ვიმუშავო დეცენტრალიზაციის საკითხებზე, თვითმმართველობების გაძლიერებისა და მეტი დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხებზე, ასევე მინდა ჩემი საერთაშორისო საინვესტიციო გარიგებების გამოცდილება მოვახმარო ქვეყნის ეკონომიკურ ბმას დასავლეთთან, რისთვისაც თავის მხრივ აუცილებელია პირველ ნაბიჯებად განათლების სისტემის დეპოლიტიზირება და სამეწარმეო/ სამეურნეო პოტენციალის გაზრდა საქართველოში,”- აცხადებს იოსებ კენჭაძე.
იოსებ კენჭაძე ქუთაისელია. ამ დრომდე ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას.