ქუთაისის ბიუჯეტმა 2 206 000 ლარის სეკვესტრი განიცადა. ქუთაისის მერიის
საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის დავით ნიშნიანიძის განმარტებით, ბიუჯეტის შემცირება კოვიდ 19-ის პანდემიამ და შემოსავლების შემცირებამ გამოიწვია. ნიშნიანიძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის შემოსავლები ჯამში 8 300 000 ლარით შემცირდა, ხოლო აღნიშნული თანხიდან მთავრობის დახმარებით 5 600 000 დაკომპენსირდა. შემცირებები შეეხო ააიპების ხარჯებსა და სხვადასხვა პროგრამებს. ნიშნიანიძე ირწმუნება, რომ დასაქმებულთა ანაზღაურება არ შეცვლილა.
“აღნიშნული შემოსავლების დაკომპენსირების მიზნით 5 მილიონ 600 000 გამოგვიყო მთავრობამ, ხოლო 2 700 000 ლარით ადგილობრივი ხარჯები შემცირდა. ძირითადად შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები 350 000-ით, ხოლო 494 000 ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა. ააიპებში 900 000 ლარის ეკონომიები გაკეთდა. 30-მდე პროგრამას შეეხო ჯამური შემცირებები,”-განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, ბიუჯეტის შემცირება ხელისუფლების არასწორმა ნაბიჯებმა გამოიწვია. მისივე თქმით, შესაძლოა წლის ბოლოს თანამშრომლები ხელფასების გარეშე დარჩნენ.
“შევარდნაძის შემდეგ ტერმინი სეკვესტრი არავის უხსენებია. არ გამოვრიცხავ, რომ წლის ბოლოს გაყინულ ხელფასებსა და პენსიებზე მოგვიწიოს საუბარი, რადგან გაუაზრებელ და დაუგეგმავ ნაბიჯებს დგამენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. აპრილის თვეში ამ თემაზე საუბარი გვქონდა და კონკრეტული წერილები გავგზავნეთ, რათა დღევანდელი შედეგები არ დამდგარიყო. ამის გამოსწორება უფრო და უფრო რთული იქნება,”-განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.
მეხუთე ცვლილებამდე ქუთაისის ბიუჯეტი 78 840 000 ლარი იყო, ხოლო შემცირების შემდეგ 76 654 000 ლარი გახდა. მერიაში ვარაუდობენ, რომ თუ პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა არ გამწვავდება, ბიუჯეტი აღარ შემცირდება.