რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
ხორციელდება. ამის შესახებ ქუთაისის მერიაში განაცხადეს. მერიის “არქიტექტურის ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს” უფროსის განცხადებით, ტერიტორია 2017 წელს გასხვისდა, ხოლო მშენებლობის ნებართვა 2019 წელს გაიცა. სააგენტოს ხელმძღვანელი, რუსუდან ჩინჩალაძე განმარტავს, რომ პირველადი ესკიზი მერიამ და ძეგლთა დაცვის სააგენტომ დაიწუნა და ბოლო ესკიზი ერთობლივად შემუშავდა. ჩინჩალაძე აცხადებს, რომ დასრულებული კონსტრუქცია ქალაქის იერსახიდან ამოვარდნილი არ იქნება.
“კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა. როდესაც მესაკუთრე ითხოვს საკუთრების განვითარებას, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, რაც შეიძლება მეტი ვიმუშაოთ ვიზუალზე. ბოლო ესკიზით მივიღეთ ტურიზმის ცენტრის შენობის მსგავსი შენობა-ნაგებობა, რომელიც ზემო მხრიდან იქნება ღია ნაგებობა, რომელიც მხედველობასაც არ გვიზღუდავს არც ოქროს ჩარდახისკენ და არც მდინარისკენ. შენობა შერეული ფუნქციის მატარებელია,”-განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ.
ჩინჩალაძე აცხადებს, რომ მფლობელის საკუთრებაში ტროტუარიც შედიოდა, თუმცა, მერიის მოთხოვნის შემდეგ მფლობელმა მის გამოყენებაზე უარი განაცხადა.