ქუთაისის მერიამ “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის
ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ მიხეილ გეგეშიძესთან ერთად, ენმ-ის კიდევ ორი აქტივისტი დააჯარიმა. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს ნინი თვალავაძესა და მიხეილ ღვინეფაძეს მერია 500-500 ლარიან ჯარიმას მერიის წინ საპროტესტო აქციის დროს წარწერების გაკეთებისათვის აკისრებს. ნინი თვალავაძე ამბობს, რომ მას ჯარიმის ოქმი არ ჩაბარებია და დაჯარიმების შესახებ მიხეილ გეგეშიძის სასამართლო პროცესზე გაიგო.
“რეალურად წარწერები მე არ გამიკეთებია. კადრებიც არსებობს, რომ როგორც კი პულვირიზატორიი ავიღე დაცვამ მაშინვე დამაგდებინა. თუ მედავებიან იმას, რომ წარწერები მე გავაკეთე, ამას ვერ დაადასტურებენ,”-ამბობს ნინი თვალავაძე.
ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის სამივე წევრის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 19 თებერვალს გამოაცხადებს.
3 თებერვალს ახალგაზრდები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში შერჩევითი სამართლის არსებობა დაგმეს. ისინი ქალაქის მერთან და იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას მოითხოვდნენ.