“გაბედეს” ქუთაისის ორგანიზაციის წევრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან
აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. “ვერ შეგვაშინებთ”, “ყველას ვერ დაგვიჭერთ”- ამ ლოზუნგებით აქციის მონაწილეებს “გაბედეს” იმ წევრებისათვის სოლიდარობის გამოხატვა სურთად, რომლებიც თბილისში ზებრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაცვის თანამშრომლების განცხადებით, შენობიდან 20 მეტრის მანძილზე აქციის ჩატარება კანონით აკრძალულია, რადგან სასამართლოს ტერიტორიაზე მოქალაქეების გადაადგილება იზღუდება. “გაბედეს” წევრებმა აღნიშნული ხელის შეშლის მცდელობად შეაფასეს.
“ჩვენ მოვედით, რომ “გაბედეს” წევრებისთვის, რომლებიც ცრუ ბრალდებით დააკავეს და დღეს სასამართლო აქვთ, სოლიდარობა გამოგვეცხადებინა. შენობის დაცვამ აქციის ჩატარების საშუალება არ მოგვცა. შენობას 20 მეტრით დაშორებული ვართ, მერე თქვეს, რომ ღობეს უნდა დავშორდეთ. აქციას გზაჯვარედინზე ვერ ჩავატარებთ. ეს არის დავალება, რომ ხელი შეგვიშალონ. სოლიდარობის გამოსახატავად მაქსიმუმ 5 წუთი დაგვჭირდებოდა. ცდილობენ, ასეთი პროვოცირებებით დათრგუნონ ახალგაზრდები,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.