პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისის
მერიის წინ შეშა მიიტანა და ცეცხლის დანთება სცადა, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. ცეცხლის დანთების მცდელობას წულაიასა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. გოგი წულაიამ პერფორმანსით ქუთაისის მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა გააპროტესტა. სამართალდამცავების განმარტებით, ადგილზე ცეცხლის დანთება, სადაც მოქალაქეებს შესაძლოა საფრთხე შეექმნათ, დაუშვებელია.
“ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, პური არ ცხვებოდეს და იყიდებოდეს, საბავშვო ბაღები და სკოლა იკეტებოდეს, გაზი და დენი არ იყოს, ეს არის კატასტროფა. ჩვენს მერს ნამუსი რომ ჰქონდეს, უნდა გადადგეს, რადგან ვერ უზრუნველყო მოქალაქეებისათვის ელემენტარული პირობების შექმნა. მინდოდა ცეცხლი დამენთო და მოსახლეობისათვის მომეწოდებინა მოსულიყვნენ და გამთბარიყვნენ,”-განაცხადა წულაიამ.
ქუთაისში ბუნებრივი აირის მიწოდება გუშინ 44 000-მდე აბონენტს შეუწყდა. “სოკარის” წარმომადგენლების თქმით, ბუნებრივი აირის მიწოდება დღის ბოლომდე აბონენტების 90%-ს აღუდგება.