14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის
მიერ დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან შეუერთდებიან. “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ინფორმაციით, შეკრება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომას მიეძღვნება და რეგიონებიდან მასში მონაწილე მხარდამჭერების ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება.
“ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდულ ფრთაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ შეკრებაზე პირები იძულებით მიჰყავთ და რომ მათ შორის არიან პედაგოგებიც.
“შევიკრიბებით თბილისში და აღვნიშნავთ ყველანი ერთად ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას. ახალგაზრდები მოდიან, გამოთქვეს სურვილი, რომ უნდათ ამ ზეიმში მონაწილეობა. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, რომ ვუზრუნველყოთ მათი თბილისამდე გადაადგილება. ძალიან ბევრს აქვს სურვილი. თუ ვინმე წამოვა, ყველა მისი სურვილით,”-ამბობს “ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრი, გაბრიელ ფოლკენშტერნი.
იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი არ აკონკრეტებენ, რამდენი ადამიანი შეუერთდება აქციას ქუთაისიდან და ამბობენ, რომ აქციაზე მხარდამჭერების მიყვანას “ოცნების” ახალგაზრდული ფთა უწევს ორგანიზებას.
“ჩვენ გავაცხადეთ და ყველა მსურველს შეუძლია ჩავიდეს 14-ში. არანაირ ისეთ მობილიზაციას არ აქვს ადგილი. უბრალოდ, მსურველები ვინც არიან ჩვენ ვუწევთ ორგანიზებას მათ ტრანსპორტირებას რომ ჩავიდნენ თბილისამდე. ესაა და ეს,”-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ.
“ტექნიკურ საკითხებზე მიმართეთ ორგანიზატორებს. ახალგაზრდული ფრთა აკეთებს ამის ორგანიზებას. მოგახსენებთ, რომ საკმაოდ ბევრი ვიქნებით და შეგიძლიათ გვნახოთ უკვე თბილისში,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე