,,თავიდანვე ,,ევროპული საქართველოს” პოზიცია იყო, რომ არ გვჯეროდა იმის,
რომ ე.წ. ,,ბუნტოვშიკი” დეპუტატები ,,ქართულ ოცნებაში არსებობდნენ.”- ასე გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ,, ევროპული საქართველოდან” დავით გოგისვანიძე პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით ჩავარდნას და იმას, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები წავიდნენ.
,,მთელი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. ხუნდაძეს ერთ-ერთ კომენტარში წამოცდა კიდეც, რომ სამი თვის წინ, როდესაც ამ ინიციატივას მოაწერა ხელი, ქუჩაში არის მომიტინგეები, ძალიან დაძაბულია სიტუაცია და სიტუაციის განმუხტვის მიზნით მოაწერა ხელი. ანუ ფაქტიურად გახსნა ის განზრახვა, რომ თავიდანვე აპირებდნენ ქართველი ხალხის გადაგდებას.”- განაცხადა დავით გოგისვანიძემ.
სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება გააპროტესტეს. კანონპროექტს მხარი იმერეთიდან მხარი ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ, წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, ხარაგულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, ზესტაფონის მაჟორიტრამა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ არ დაუჭირეს.