2017 წელს ქუთაისის მერიამ ა(ა)იპებისა და შპს-ების ფუნქციონირებისათვის
18 მილიონზე მეტი დახარჯა. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, თანხა უფრო ზუსტათ 18 მილიონ 423 ათას 973 ლარს და 36 თეთრს შეადგენს. 2018 წელს ამ ხარჯმა 19 მილიონ 937 ათას 101 ლარი და 26 თეთრი შეადგინა.
2019 წელს კი მერიამ იურიდიულ პირებზე 23 მილიონ ლარზე მეტი უნდა დახარჯოს.
,,ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული 22 იურიდიული პირიდან ერთმა, “ქუთაისის ლიფტმა” გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა. გარდა ამისა, მიღებული ინფორმაციის თანახმად, ორი შპს: “უქიმერიონი” და “გუმათის საექიმო ამბულატორია” არ ფუნქციონირებს, ხოლო შპს “პარკინგსერვისის”, შპს “ქუთაისის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგურის”, შპს “ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკის” და შპს “ქართული ტრადიციები 2011”-ის სუბსიდირება ბიუჯეტიდან არ ხდება. შპს “პარკინგსერვისმა” 2015 წელს ბიუჯეტიდან მიიღო 300 000 ლარი, შემდგომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირდაპირი სუბსიდია არ მიუღია – ფუნქციონირების დაწყების დღიდან “პარკინგსერვისი” მერიას იჯარის თანხას სრულად არ უხდის. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეს დავალიანება 1 მლნ 240 ათას ლარზე მეტი იყო და ამჟამად, მერიის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარეობს დაგროვილი დავალიანების გადავადების პროცესი.
შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მოკვლეული ინფორმაცია ეხება მხოლოდ 15 იურიდიულ პირს – იმ მუნიციპალურ ორგანიზაციებს, რომლებმაც გამოთხოვილი ინფორმაცია მოგვაწოდეს და რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.”- აცხადებენ ორგანიზაციაში.