ქუთაისში მუნიციპალური იურიდიული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
ინფორმაციას ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 20-დან 22-მდე გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და მუნიციპალიტეტის მიერ მათი საქმიანობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსებაც.
,,”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, 2017 წელს ქუთაისის მერიამ ა(ა)იპებისა და შპს-ების ფუნქციონირებისათვის 18,423,973.36 ლარი დახარჯა, 2018 წელს ამ ხარჯმა 19,937,101.26 ლარი შეადგინა, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი, ეს ხარჯი 5,831,839.22 ლარია. წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის მერიამ იურიდიულ პირებზე 23 მილიონ ლარზე მეტი უნდა დახარჯოს.”- წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაცია მიმართავს ქუთაისის მერიას, რომ 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ოპტიმიზაციის შესაძლებლობა და გააუმჯობესოს მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი.