ქუთაისში ოპოზიციამ სტუდენტებისათვის სამოქალაქო ტრანსპორტში
განახევრებული ტარიფების დაწესება მოითხოვა და ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ შეღავათებით სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებსაც უნდა ესარგებლათ.
ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ თვითმმართველობას რამდენიმე ტიპის პროგრამა აქვს, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებსა და სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიაზე შეღავათებს აწესებს. ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე ამბობს, რომ ბიუჯეტში ქუთაისში მცხოვრები ცოლ-ქმარი სტუდენტისათვის ჩადებულია პროგრამა, თუმცა, მისით ბენეფიციარებს ამ დრომდე არ უსარგებლიათ.
“ბიუჯეტში ახლაც არის უფასო მგზავრობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის სამგზავრო ბილეთების შეძენას და მათ შორის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც დაქორწინებული არიან. ეს პროგრამა არც ისე აქტიურად გამოიყენება სტუდენტების მხრიდან. ვკითხულობ სტუდენტებში რამდენად სარგებლობენ ხოლმე, მაგრამ არ სარგებლობენ. პროგრამა მხოლოდ ავტობუსით მგზავრობის თანხას ფარავს. ალბათ, სტუდენტებისათვის არ არის ავტობუსი გადაადგილების მომხიბვლელი საშუალება,”-ამბობს ნინო თვალთვაძე.
კითხვაზე, მას შემდეგ, რაც 2020 წელს ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა უნდა განხორციელდეს, ისარგებლებს თუ არა შეღავათიანი მგზავრობის პირობებით ნებისმიერი სტუდენტი, ვიცე-მერი ამბობს, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
“რაც გააჩნია ქალაქს, იმ შესაძლებლობების ფარგლებში უნდა გაკეთდეს. მიმდინარეობს სტუდენტთა რაოდენობის დათვლის პროცესი. სიმართლე გითხრათ, შარშანაც დავთვალე მონაცემები. ნებისმიერ შეხვედრაზე სტუდენტები ამ საკითხს აჟღერებენ. 11 ათასამდე სტუდენტი არის ქუთაისში. როდესაც არ გყავს მუნიციპალური ტრანსპორტი, შენ უნდა შეიძინო ეს ბილეთები. ქალაქმა ამაში ფული უნდა გადაიხადოს. მუნიციპალური ტრანსპორტის შემთხვევაში, ეს გაცილებით მარტივია, მაგრამ აქაც დასათვლელია და ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. გარდა სტუდენტებისა, ბევრი ჯგუფი არსებობს, რომლებსაც სჭირდება შეღავათები, ამიტომ ეს ყველაფერი ჩამოყალიბების პროცესშია. საკმაოდ დიდი ცვლილება იგეგმება და ახალი სისტემა იქმნება,”-ამბობს ნინო თვალთვაძე.
ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა 2020 წლიდან იგეგმება. პირველ ეტაპზე, ქალაქში 60 მუნიციპალური ავტობუსი გადაადგილდება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე