ქუთაისში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლას აქცია-პერფორმანსით გააპროტესტებენ.
მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრები მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე შეიკრიბებიან. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ დაუშვებელია ქუთაისმა ოკუპანტი ქვეყნის თეატრს უმასპინძლოს.
“ქუთაისი მასპინძლობს ოკუპანტი ქვეყნის თეატრს, ამ უმსგავსო და ამაზრზენი ფაქტის შემოქმედია მესხიშვილის თეატრის მმართველი, ბატონი სულხანი! ეს ის სულხანი გახლავთ, რომელმაც ივნისის აქციების პერიოდში მოქალაქეებს თეატრიდან დენი არ მოგვაწოდა. შემდეგ, როდესაც საზოგადოებამ მისი უმსგავსო საქციელი მკაცრად დაგმო, მეხუთე დღეს დაგვრთო ნება გვესარგებლა თეატრის დენის წყაროთი. ახლაც, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საზოგადოების პროტესტს გაიგებს და ყურად იღებს და ეს უმსგავსობა არ მოხდება ქალაქში,”- ამბობს მოძრაობის წევრი, ნიკა დეისაძე.
დღეს, მესხიშვილის თეატრი მოსკოვის თეატრს ,,ნიკიტკის კარიბჭესთან” უმასპინძლებს. მოსკოველი თეატრალები ქუთაისელ მაყურებელს შესთავაზებენ სპექტაკლს, ,,არ დამივიწყო”.
ფოტო: მესხიშვილის თეატრი