რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტის მომზადება თებერვალში
დასრულდება და მოსახლეობასთან კონსულტაციები 2020 წლის იანვარში დაიწყება. ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტის მომზადების შემდეგ დაიწყება მსჯელობა, მოუწევს თუ არა მოსახლეობას რეაბილიტაციის პერიოდში საცხოვრებლის დატოვება.
“ეს არის მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტი. ამ ეტაპზე მათი მხრიდან მიმდინარეობს პროექტირება. კომპანია იყო ჩამოსული და პირველადი ვერსიები იყო წარმოდგენილი თუ როგორ ხედავენ ისინი რეაბილიტაციას. თებერვალში უნდა მოხდეს საბოლოო პროექტის დადება. მაგრამ დადებამდე მოხდება მისი წარდგენა და საჯარო განხილვა საზოგადოებაში. იანვრიდან აქტიურად დაიწყება მუშაობა თავად მოსახლეობასთან ამ მიმართულებითაც. როგორც კი იქნება პროექტი, მოსახლეობასთან წარიმართება მსჯელობა. სანამ პროექტი არ არის, მოსახლეობასთან კონკრეტული კომუნიკაცია არ არის. დეტალებზე, მოუწევს თუ არა გასვლა სახლებიდან მოსახლეობას, ალბათ მოუწევს, ვთანხმდებით,”-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
რაც შეეხება რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის რაოდენობას, ვიცე-მერის განმარტებით, მუნიციპალური განვითარების ფონდში 25 მილიონი უკვე მობილიზებულია.
“მუნიციპალური განვითარების ფონდს დაფინანსების სხვადასხვა წყაროები გააჩნია და ერთ-ერთი არის დონორების ფინანსური მხარდაჭერა როგორც მსოფლიო ბანკის, ასევე სხვადასხვა დონორების მხრიდან. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, უკვე მობილიზებული აქვთ გარკვეული თანხა ამ მიმართულებით. საბოლოო ღირებულება უნდა დადოს პროექტმა. ალბათ, სავარაუდოდ, 25 მილიონი ამერიკული დოლარის ფარგლებზე გავდივართ, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდს მობილიზებული აქვს,”-ამბობს თვალთვაძე.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე