“ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელები თანამედროვე ნაგავსაყრელებად აქციეს”- ამის შესახებ
“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, ირაკლი კიკვაძემ განაცხადა. კიკვაძე ნიკეა-ასათიანის კვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან დღეს მივიდა და განაცხადა, რომ ქუთაისის მერი მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით გაცემულ დაპირებებს არ ასრულებს და პასუხისმგებლობას მხოლოდ მოქალაქეებს აკისრებს. “ლეიბორისტული პარტიის” წევრი ამბობს, რომ მერის დაპირება მიწისქვეშა გადასასვლელებში ვიდეო კამერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით კვლავ შეუსრულებელია, ხოლო ტერიტორია ერთჯერადად პიარ კამპანიის გამო დასუფთავდა. კიკვაძის თქმით, გადასასვლელები მოუწესრიგებელი იმიტომ რჩება, რომ მერიის გარემოცვა მისი შეძენით არ ინტერესდება, თვითმმართველობას კი საკითხი არ ანაღვლებს.
“არსებული მდგომარეობის ფონზე ქუთაისის მერი გვიმტკიცებს, რომ ინფრასტრუქტურაში გარღვევა მოახდინა და მხოლოდ ფასადების მოწესრიგება დარჩა. 2018 წლის ზაფხულში მან თავად გასცა დაპირება, რომ პრობლემები მოგვარდებოდა, თუმცა, წელიწად-ნახევარი გავიდა და უარესი მდგომარეობა გვაქვს. გადასასვლელი არც უსაფრთხოა ქვეითებისათვის და იქმნება ეკოლოგიური პრობლემებიც. ითქვა, რომ გადასასვლელები გასხვისდა, თუმცა მეპატრონემ ვალდებულება ვერ შეასრულა და უკან დაიბრუნეს. მეეჭვება, ეს სიმართლე იყოს. ალბათ, მერიის გარემოცვის ინტერესებში არ არის ეს ობიექტები,”-ამბობს კიკვაძე.
ქუთაისში სამი მიწისქვეშა გადასასვლელია. ერთში სავაჭრო ობიექტია განთავსებული, ხოლო დანარჩენები წლებია ანტისანიტარიის კერადაა ქცეული.
ფოტო: “ძველი ქალაქი”