“ტყიბულში ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და პირველი დაპირებაც
შეასრულა – მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება სრულად იქნა გასტუმრებული და პირველი ცხელი პრობლემა მოიხსნა,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში საუბრისას განაცხადა.
თურნავამ თქვა, რომ მას კომუნიკაცია აქვს როგორც მეშახტეებთან, ასევე ინვესტორ კომპანიასთან. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა. ასევე, პრიორიტეტულია შრომის უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა.
ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ინვესტორის მხრიდან დანარჩენი დაპირებებიც დროულად შესრულდება.
შეგახსენებთ, ტყიბულში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. 30-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ჩავიდა და ამოსვლამდე უარს აცხადებდა მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. გაფიცული მეშახტეები, რომელთაც მოგვიანებით მოქალაქეები შეუერთდნენ, კუთვნილი ხელფასების დარიცხვასა და შახტში სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვდნენ.