ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი იქნება. ამის შესახებ მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, განსაკუთრებით რეგიონებში ბევრი საპრივატიზაციო ობიექტია.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ობიექტი, განსაკუთრებით რეგიონებში, ასევე უწყებრივი მიმართულებებით, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება უფრო ყაირათიანი, ეფექტიანი განკარგვა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ კუთხით მიდგომები გავამკაცროთ,” – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერის დავალებაა, მაქსიმალურად მოხდეს ისეთი ქონების აღრიცხვა, რომელიც მრავლად არის რეგიონებში, მუნიციპალიტეტებსა თუ სხვა უწყებებში და არ არის ჯერ დატვირთული.

“ყველაფერს ვიღონებთ, რომ ეს ქონება დაჩქარებულად ჩაერთოს ეკონომიკაში და შევთავაზოთ პრივატიზაციისთვის ბიზნესს, რომ იქ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, პრივატიზების პროცესის გააქტიურების მიზანია, უფრო მეტი სახელმწიფო ქონება, სახელმწიფო აქტივი ჩაერთოს ეკონომიკაში და ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს. ამასთან, მინისტრის განცხადებით, წელს პრივატიზების გეგმა უკვე შესრულებულია.

“წელს ჩვენ დაგეგმილი გვქონდა პრივატიზებიდან 60 მლნ ლარი შემოსავალი, ეს გეგმა პრაქტიკულად, უკვე შესრულებულია და ჩვენ ახლა ვმუშაობთ გადაჭარბებაზე. მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ავიღეთ ვალდებულება, გაისად პრივატიზების ტემპი დავაჩქაროთ და გავზარდოთ პრივატიზებიდან ბიუჯეტში შემოსავლები” – აღნიშნა მან.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *