ქუთაისის მერია “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას” აფუძნებს.
როგორც ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ავტოპარკის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება და მისი სავარაუდო ღირებულება 2-დან 3 მილიონ ლარამდე იქნება.
“რეგიონალური განვითარების სამინისტროსა და იბიარდთან ერთად ვმუშაობთ, რომ ქალაქს ჰყავდეს ახალი ავტობუსები. ეს გახლავთ ჩვენი საარჩევნო დაპირება. მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქს არ ჰყოლია 90-იანი წლების შემდეგ. პარალელურად, ვაპროექტებთ ახალ დეპოს, სადაც განთავსდება ეს ავტობუსები მუშაობის დასრულების შემდეგ. ძალიან მალე გამოვაცხადებთ დეპოს მშენებლობას. დეპოს დასრულების შემდეგ, შემოვიყვანთ ახალ ავტობუსებს და მოსახლეობას შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ახალ შპს-ში მერია დირექტორს დანიშნავს, რომელიც თანამშრომლებს თავად შეარჩევს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე