პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, მალხაზ
მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი ხელმოწერებს ქუთაისში აგროვებენ. მაჩალიკაშვილები ჯამში 100 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ. დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამბობენ, რომ ამ დროისათვის უკვე ზუგდიდსა და ბათუმში ათასობით ხელმოწერა შეაგროვეს.
“ჩემი მიზანია შევაგროვოთ ხელმოწერები და ვაიძულო ხელისუფლება, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. მოვითხოვთ, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. გაირკვეს, რატომ და რისთვის მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი,”-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანია თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა დადგინდეს.
“ვართ ხალხის იმედად. მოვითხოვთ კომისიის შექმნას, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს ჩვენი შვილის უდანაშაულობის ამბავი,”-განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მისმა მშობლებმა საქართველოს პარლამენტის წინ, 12 ივნისს დაიწყეს.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სუს-ის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. ოჯახი ამბობს, რომ თემირლანს მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.