ქუთაისის მერიაში ახალი საგანგებო სიტუაციების რისკების პრევენციის
მართვისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილება შეიქმნა. განყოფილებაში 6 თანამშრომელი დასაქმდა. როგორც მერიის იურისტი, ირაკლი გიორგაძე ამბობს, მერიაში თანამშრომელთა რაოდენობა არ გაზრდილა და შტატები საბინაო სამსახურში დასაქმებულებით დაკომპლექტდა. მისივე განმარტებით, ინფრასტრუქტურის სამსახურში ახალი განყოფილების შექმნა შრომითი უსაფრთხოების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიღებამ განაპირობა.
“მერიაში შტატები არ იზრდება. კადრები საჭირო იყო საბინაო სამსახურშიც, თუმცა, ბიუჯეტის თანხების დაზოგვის მიზნით საბინაო სამსახურის თანამშრომლები ახალ განყოფილებაში გადავიყვანეთ,”-განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.
ახალი განყოფილების ფუნქცია მერიაში დასაქმებულების შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციისა და მონიტორინგი იქნება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე