“ვმუშაობთ ახალი ინვესტორის მოძიებაზე”-ამის შესახებ ქუთაისის
მერმა “ტორპედოს” საკითხზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. გიორგი ჭიღვარია ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საფეხბურთო კლუბში არსებული კრიზისული მდგომარეობის მოსაგვარებლად ორი მიმართულებით მუშაობს. ქუთაისის მერის განმარტებით, ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი უკვე დაერიცხათ.
“ფედერაციასთან ერთად ვიმუშავეთ აქტიურად და ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასები ჩაერიცხათ. პარალელურად, ერთი მიმართულება გვაქვს სასამართლო დავა, ხოლო მეორე ახალი ინვესტორის მოძიება. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ “ტორპედო” იყოს ერთ-ერთი წარმატებული გუნდი,”-განაცხადა ჭიღვარიამ.
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო. თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა. მერიამ სარჩელით ხელშეკრულების გაუქმება და “ტორპედოს” 100 %-იანი წილის ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოსვლა მოითხოვა.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბში ფინანსური კრიზისია. თვეებია, რაც ფეხბურთელებს ხელფასი არ მიუღიათ. გულშემატკივრები პერმანენტულ აქციებს მართავენ და აცხადებენ, რომ კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე დგას.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე