იმერეთის მუნიციპალიტეტების უმრავლესობა დელეგირებული უფლებამოსილებების შესასრულებლად
თანხას საკუთარი შემოსავლებიდან ხარჯავს. კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ფინანსები, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილებებისთვის მიზნობრივი ტრანსფერების სახით მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ, ხშირ შემთხვევაში არასაკმარისია და თვითმმართველობებს დამატებით საკუთარი შემოსავლების მობილიზება უწევთ.
2018-2019 წლებში, დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან თანხა გამოიყო 7 მუნიციპალიტეტში: ქუთაისის, წყალტუბოს, თერჯოლის, ვანის, ხარაგაულის, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებს ამ მიზნით ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან ჯამში 1 063 193 ლარის მობილიზება მოუწიათ. 2019 წელს ამ მიმართულებით დასახარჯი თანხის მოცულობა თითქმის 3-ჯერ აღემატება 2018 წლის ანალოგიურ ხარჯს.
“იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი მწირია და არ არის საკმარისი თვითმმართველობების საკუთარი უფლებამოსილებების ჯეროვნად შესასრულებლად, დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობებს დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება,”-ნათქვამია კვლევაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს სამინისტროებს, რომ კანონის შესაბამისად, თვითმმართველობებზე უფლებამოსილების დელეგირებისას უზრუნველყონ შესაბამისი ოდენობის ფინანსური და მატერიალური რესურსის გამოყოფა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის.