კაფე “სავანეს” დაჯარიმების საქმეზე სასამართლო სხდომა ქუთაისის
საქალაქო სასამართლოში 10 მაისს გაიმართება. ქუთაისის მერია გარევაჭრობის წესის დარღვევისათვის ობიექტის მფლობელებს 2 000 ლარით აჯარიმებს. უწყება მეპატრონეებს უკვე ჩაბარდათ. “სავანეს” მფლობელებს ჯერ არ მიუღიათ უწყება მათს ობიექტზე სტიკერების გაკვრისთვის დაჯარიმების შესახებ. მათი განცხადებით, მერიამ, სავარაუდოდ, ჯარიმის დაწერა გადაიფიქრა. რაც შეეხება გარევაჭრობას, მფლობელები განმარტავენ, რომ ნებართვის აღებაში თვითმმართველობამ მათ ხელი განზრახ შეუშალა.
“გარევაჭრობის ნებართვაზე მოთხოვნა მენეჯერს შეტანილი ჰქონდა დაახლოებით 3 კვირის წინ. მერიის მიმღებში განცხადება მერის სახელზე დავარეგისტრირეთ. მოგვიანებით, ზედამხედველობის სამსახურში გადაგვამისამართეს, სადაც გვითხრეს, რომ განცხადება მათთან არ შესულა. როგორც აღმოჩნდა, წერილი საიტზე უნდა დაგვერეგისტრირებინა, რაც არ ვიცოდით და არც გვითხრეს. ვფიქრობთ, რომ მოქალაქეებს დაბრკოლებებს სპეციალურად უქმნიან, რათა შემდეგ ჯარიმები დააკისრონ,”-განაცხადა კაფეს მფლობელმა, გიორგი ტურაბელიძემ.
შეგახსენებთ, კაფეს მფლობელები ქუთაისის მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ. კაფეს მეპატრონეები აცხადებენ, რომ მათ ობიექტი 23 წლის წინ 10 000 დოლარად შეიძინეს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს. მათივე განმარტებით, მერიამ აზომვითი ნახაზები გააყალბა და მასზე ტერიტორია კონსტრუქციის გარეშეა დატანილი.