“თეთრ ხიდზე” სტიკერების დაკვრისათვის მეორედ დაწყებული პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”-მ ქუთაისის მერიის ზედამხეველობის სამსახურს სასამართლო დავა კიდევ ერთხელ მოუგო. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
“მოსამართლემ განაცხადა, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა. სასამართლომ ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ჯარიმა არ დაგვეკისრება. არ ვიცი, მერიაში კიდევ რას მოიფიქრებენ,”-განაცხადა ორგანიზაციის წევრმა გია გოქაძემ.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ მიიღო.
შეგახსენებთ, “თეთრ ხიდზე” სტიკერების დაკვრისათვის მერია ჯერ ორგანიზაციის წევრს გია გოქაძეს უჩიოდა, რომელმაც დავა ერთხელ უკვე მოიგო. მეორედ კი ზედამხედველობის სამსახურმა განცხადება ორგანიზაციის წინააღმდეგ შეიტანა.
“ევროპა ჩვენი სახლია”-ს წევრებმა აქცია ხიდზე იანვრის თვეში მოაწყვეს. მათ ხიდზე სტიკერები დააკრეს და მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ტერიტორიაზე გადაადგილება სახიფათო იყო.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე