თერჯოლის სოფლებში მცხოვრებლებმა ჭოგნარში დაგეგმილი ნაგავსაყრელის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ სოფელში ნაგავსაყრელი აშენდება, დაბინძურდება ჰაერი და წყალი, გაუქმდება საძოვრები. ადგილობრივები ხელისუფლებას ნაგავსაყრელისათვის ალტერნატიული ტერიტორიის გამოყოფას სთხოვენ. თერჯოლის სოფლებში მცხოვრებლებს ხელისუფლების იმ დაპირების არ სჯერათ, რომ ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტების დაცვით აშენდება და გარემოს დაბინძურება არ მოხდება.
“ვითხოვთ, მოძებნონ ალტერნატიული ტერიტორია. დასახლებული პუნქტებიდან 500-300 მეტრში შენდება ნაგავსაყრელი და გვარწმუნებენ, რომ იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო. ელემენტარულს ვერ აკეთებენ ქვეყანაში და როგორ მოაწყობენ უსაფრთხო ნაგავსაყრელს,”-ამბობს ადგილობრივი კობა გურგენიძე.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამუშაოები პირველი მარტიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ისინი ადგილზე ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევენ და ტერიტორიას ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებენ.
“თუ საჭირო გახდება, ტექნიკას ფიზიკურად დავუპირისპირდებით. ადგილზე კარვებიც გვაქვს გაშლილი,”-ამბობს ადგილობრივი ზურაბ გიორგაძე.
ჭოგნარში მცხოვრებლები რამდენიმე დღეში თბილისში, “ქართული ოცნების” ცენტრალურ შტაბში ჩასვლასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარს აპირებენ.
რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.