“ევროპული საქართველოს” ბრალდებებს ქუთაისის მერიაში უპასუხეს.
საკითხზე კომენტარი მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ გააკეთა.
“აღნიშნულზე შეფასების გაკეთება გამოძიების კომპეტენციაა. მე არ მაქვს ჩარევის უფლება. იმ პერიდოში მე არ ვმუშაობდი და ის დოკუმენტები, რომლის საფუძველზე გამოცხადება ტენდერი, იურიდიულად გამართული იყო. რაც შეეხება სოციალურ საცხოვრისს, მიმდინარეობს გამოძიება და გავიგებთ ყველა კითხვაზე პასუხს. აღნიშნულის შეფასება მათი კომპეტენციაა. თეთრ ხიდთან თუ ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებით დოკუმენტაცია 100%-ით გამჭვირვალეა,”-განაცხადა ნიშნიანიძემ.
შეგახსენებთ, “ევროპული საქართველო” აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მსგავსი სიმძიმის დასკვნა ქუთაისის მერიის შესახებ ამ დრომდე არ გაცემულა.
აუდიტის სამსახურმა ანგარიში 3 მარტს გამოაქვეყნა. ის 2015–2016 წლებში შესწავლილ ფინანსურ დოკუმენტაციას ეხება. დასკვნაში საუბარია სოციალურ საცხოვრისზე, ასათიანის ქუჩაზე, დროში გაწელილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. ასევე, გაზრდილ სამივლინებო ხარჯებსა და დასაბუთების გარეშე გაცემულ პრემია–დანამატებზე.