ქუთაისში, ყოფილი ქარხნის შენობა “კულტურის პალატას” გადაეცა.
საკითხს მხარი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს დაუჭირეს. აღნიშნულს ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. მათი განცხადებით, შენობის მდგრადობის დასკვნა არ არსებობს. ოპოზციის კრიტიკას დავით ოქიტაშვილმა უპასუხა, როგორც მან განაცხადა, შენობას ექსპერტიზა ამ წუთებში უტარდება.
“ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ მათთვის სასურველი სივრცე. ეს ქარხანა მე სახლში არ მიმაქვს, არც ერთ თეთრს “კულტურის პალატა” ბიუჯეტიდან არ მოითხოვს და არც მოგვითხოვია. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 10 კაცი მუშაობს ადგილზე. შენობა 4-ჯერ შეამოწმეს. ჩვენ ხელშეკრულებას არ მოვაწერთ ხელს თუ ეს დოკუმენტი არ იქნა. ისედაც ცხადია, როდესაც შენობა 200 კილოვატ აპარატურას უძლებს, ითვლება რომ ის არის მდგრადი,”-განაცხადა ოქიტაშვილმა და აღნიშნა, რომ იჯარის გარეშე შენობით სარგებლობა სხვა პირებსაც შეეძლებათ.
შეგახსენებთ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაპირისპირება აღნიშნულმა საკითხმა გამოიწვია.
ობიექტი 435 000 ლარის ღირებულებისაა.