რეორგანიზაციის შედეგად, ქუთაისის მერიაში ახალი ააპისა და სამსახურის შექმნა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააპროტესტეს.
მათ საკრებულოს სხდომაზე საკითხს მხარი არ დაუჭირეს.
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის მთავრი მიზანი “ქართული ოცნების” პარტიული აქტივის დასაქმებაა.
“ქუთაისის მერიის რეორგანიზაციის პროექტი მორგებულია ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. ის არ გამოხატავს ქალაქის პრობლემებზე ორიენტირებულობას. იქმნება ერთი ახალი სამსახური და ერთი ახალი აიპი. ეს აიპი დასაქმების ბიუროდ იქცევა. აუდიტის სამსახურს 4 ადამიანს ამატებენ მაშინ, როცა ჩვენ არც ერთი შენიშვნა არ გვინახვას მათ მიერ მომზადებული,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
ოპოზიციის ბრალდებებს მედიასთან ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ უპასუხა. მისი განმარტებით, რეორგანიზაცია მიზნად მენეჯმენტის გაუმჯობესებას ისახავდა.
“რეორგანიზაციის მიზანი კადრების ოპტიმიზაციისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების პრინციპია. ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ დავაკვირდით პროცესებს. აღმოჩნდა ხარვეზები და ნიუანსები, რომლებიც იყო მართვის პროცესში, რეორგანიზაცია სწორედ ამის აღმოფხვრას ემსახურება,”-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
რეორგანიზაციის შედეგად, ქუთაისის მერიაში არქიტექტურის სამსახური გაუქმდა. მის ნაცვლად კი ააიპ “არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო” შეიქმნება. ასევე, მერიაში შეიქმნა შიდა აუდიტის სამსახური.
ფოტო: ქუთაისის საკრებულო