რეორგანიზაციის შედეგად, ქუთაისის მერიაში არქიტექტურის სამსახური გაუქმდა.
მის ნაცვლად კი ააიპ “არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო” შეიქმნება.
როგორც ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, ახალ ააიპში 7-დან 10-მდე ადამიანი დასაქმდება. მისივე განმარტებით, აიპი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებს თავადვე გამოიმუშავებს.
“არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი გასცემს მშენებლობის ნებართვას. აშენებულ შენობა -ნაგებობას ექსპლოატაციაში მიიღებს მერი. გვინდა, თბილისის მსგავსად, შემოვიღოთ დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა, რაც ფასიანი იქნება. თბილისის გამოცდილებით, ამის მსურველი ბევრია. ამ ეტაპზე, მერიის მხრიდან ააიპს დაფინანსება დასჭირდება, მაგრამ მოგვიანებით დაჩქარებული წესით მომსახურებით მიღებული შემოსავლისაგან თავად შეინახავს თავს,”-განაცხადა მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ.
ირაკლი გიორგაძის განმარტებით, შტატები მერიაში უმნიშვნელოდ გაიზარდა, რაც შტატგარეშე თანამშრომლების შტატში ჩასმამ გამოიწვია. 298 ერთეულის ნაცვლად, რეორგანიზაციის შემდეგ 307 ადამიანი იქნება დასაქმებული.
გარდა ამისა, მერიაში შეიქმნა შიდა აუდიტის სამსახური.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე