პარტია “თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, გოგი წულაიამ მუხნარის ტყეში ნერგები დარგო.
წულაია ტყეში პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და მუხის ათი ნერგი მიიტანა. როგორც წულაიამ განმარტა, ხელისუფლება და ეროვნული სატყეო სააგენტო მუხნარის ტყის გადარჩენაზე არ ფიქრობს.
“ვარკვევთ დაიშლება თუ არა უმრავლესობა, ვარკვევთ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების დეტალებს. სანამ ხელისუფლება ამ საკითხებითაა დაინტერესებული, მანამდე ქვეყანა და ეს ქალაქი თავზე დაგვენგრევა. ცოტა ხანში კი არც საღორიის ტყე გვექნება. ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ მე გადავარჩენ საღორიის ტყეს, მინდა ქუთაისელებს მოვუწოდო, რომ იზრუნონ მათს შვილებზე, რომ იყოს ჟანგბადი ქალაქში და დასასვენებელი ადგილი,”-განაცხადა გოგი წულაიამ.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი აქცია წულაიამ მუხნარის ტყეში გასულ წელს მოაწყო. მან ტყეში დაზიანებული ხე მოჭრა და საშეშე მასალა სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანა.