არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”-ს წარმომადგენელი თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი
წარწერების დაკვრისათვის არ დაჯარიმდება. გია გოქაძემ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სასამართლო დავა მოუგო. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 25 თებერვალს გამოაცხადა. მოსამართლე დარინა აბულაძის განცხადებით, გია გოქაძის მიერ კანონდარღვევის ფაქტი არ დასტურდება.
“ქვეყანაში სასამართლო სისტემის კუთხით მძიმე მდგომარეობაა. არ ვიცი, ამ შემთხვევას შეიძლება გამონათება დავარქვათ. დღეს, სასამართლომ ნორმალური გადაწყვეტილება მიიღო. ჩემ შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო ვერ ვიტყვი, რომ სასამართლო სისტემაში ყველაფერი კარგად არის. მერიას არ უნდა ჰქონდეს იმის ფიქრი, როგორ დააჯარიმოს ადამიანები იმის გაკეთებისათვის, რაც მისი გასაკეთებელია,”-განაცხადა გია გოქაძემ.
სხდომაზე არ გამოცხადნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. მერიას სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება 10 დღის ვადაში შეუძლია.
ქუთაისის მერია გია გოქაძეს ჯარიმას თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი წარწერების დაკვრის გამო აკისრებდა. “ევროპა ჩვენი სახლია”-ს წევრებმა აქცია ხიდზე იანვრის თვეში მოაწყვეს და მოქალაქეებს აფრთხილებდნენ, რომ ხიდზე გადაადგილება სახიფათო იყო.
ფოტო:რადიო “ძველი ქალაქი”