ქუთაისში მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელის არსებობას
გოგი წულაია აპროტესტებს. “თავისუფალი საქართველოს” წევრი ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩის კვეთასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებთან მივიდა და ხელისუფლებას მოუწოდა, მის მიერ დასმული შეკითხვისთვის ეპასუხა.
“გასულ ზაფხულს ამ ადგილზე ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. ერთადერთი კითხვა მაქვს ხელისუფლებასთან, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის მიმართ?,”-განაცხადა გოგი წულაიამ.
ოპოზიციური პარტიის წევრის განმარტებით, 21-ე საუკუნეში ქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების დაკეტილ მდგომარეობაში არსებობა წარმოუდგენელია. მისივე განცხადებით, პრობლემის მოგვარება მარტივია თუ ადგილზე შიდა განათება მოეწყობა, განთავსდება კამერა და შესაძლებელი იქნება ბიზნესის წარმოება.
შეგახსენებთ, ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელები ანტისანიტარიის გამო უფუნქციოდაა დარჩენილი. რამდენჯერმე დასუფთავების მიუხედავად, პრობლემა არ მოგვარებულა.