ქუთაისის საქალაქო სასამართლოში “ევროპა ჩვენი სახლია”-ს ხელმძღვანელის გია გოქაძისა და ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის
საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. მერია ორგანიზაციის ხელმძღვანელს თეთრ ხიდზე სტიკერების კანონდარღვევით დაკვრას ედავება და მას 500 ლარიან ჯარიმის აკისრებს.
სასამართლო პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებები წარმოადგინეს, მათ შორის ფოტომასალა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია. როგორც გია გოქაძე აცხადებს, ჯარიმის გამოწერა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ ანგარიშსწორებაა.
“ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელოს. ის დანაშაული, რაც მათ თეთრი ხიდის მიმართ ჩაიდინეს, ცდილობენ ჩვენი დასჯით გადაფარონ,”-განაცხადა გია გოქაძემ.
პროცესზე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინტერესებს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი იცავდა.
“ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური გია გოქაძეს ედავება თეთრ ხიდზე სტიკერების გაკვრას. ეს გადაწყვეტილება კანონს სრულიად აცდენილია. სამართალდარღვევის ოქმი შესაბამისი მუხლით არ არის შედგენილი. ის ქმედება, რომელსაც კონკრეტული მუხლით ედავებიან, გია გოქაძეს არ ჩაუდენია,”-განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
სასამართლო სხდომას მოსამართლე დარინა აბულაძე უძღვებოდა.
ფოტო:რადიო “ძველი ქალაქი”