ქუთაისის ცენტრალური ისტორიული უბანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ადაპტირდება.
მერიას აღნიშნულის განხორციელებაში დახმარება გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გაეწევა. მოხდება ქუთაისის ცენტრალურ უბანში შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირების საჭიროებების შესწავლა, მათი მოგვარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და ამ პრობლემების შესაბამის რუკაზე დატანა. უნივერსალური ურბანული დიზაინის სახელმძღვანელოს შექმნა, სადაც მითითებული იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით უნივერსალური დიზაინის მოწყობის ინსტრუქცია და შესაბამისი ილუსტრაციები.
“ქუთაისში დიდი გუნდით ვართ ჩამოსული. ჩვენთან არიან ურბანისტები და შშმ პირების საკითხზე მომუშავე ადამიანები. მათი დახმარებით მოხდება ქუთაისის 25 ჰა-მდე ტერიტორიის შესწავლა. შევისწავლით საჭიროებებს და დავიტანთ რუკებზე. გარე პერიმეტრი ადაპტირებული იქნება არა მხოლოდ შშმ პირებისათვის, არამედ ბავშვებისათვის, ხანდაზმულებისათვის,”-განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ნინო კაკუბავამ.
გარემოს შშმ პირებზე ადაპტირებისთვის საჭირო თანხებს ქუთაისის მერია მომავალი წლის ბიუჯეტში გამოყოფს.
ასევე, იგეგმება ქუჩების უნივერსალური ურბანული დიზაინის სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) შექმნა, რომელსაც მუნიციპალიტეტი სამომავლოდ ქუჩების რეაბილიტაციის პროცესში გაითვალისწინებს.