ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ
ლერი თედორაძე დაინიშნა. ის ქუთაისში აქამდეც მუშაობდა.
” რადგან 3 წელზე მეტი ჰქონდა გამოცდილება სამოსამართლეო საქმიანობის, ამავდროულად 15 თებერვალს გადიოდა ვადა უფლებამოსილების განხორციელების, საბჭომ იმსჯელა მის უვადოდ განმწესებაზე მისივე განცხადების საფუძველზე.”- განაცხადეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ლერი თედორაძემ 1981 წელს დაამთავრა ლენტეხის რაიონის სოფელ ჩიხარეშის საშუალო სკოლა; 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მისი სამუშაო გამოცდილება კი ასეთია:
1988-1990 წლებში მუშაობდა გარდაბანის რაიონის მეურნეობაში იურისტ-კონსულტად;
1990-1992 წლებში მუშაობდა სამტრედიის ტრანსპორტის პროკურატურაში გამომძიებლად;
1992-1999 წლებში მუშაობდა ქუთაისის ქალაქის პროკურატურაში განყოფილების პროკურორად;
1999-2002 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე;
2002-2009 წლებში იყო წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
2002-2007 წლებში იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარე;
2009-2012 წლებში იყო ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
2009-2012 წლებში მივლინებული იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში;
2010-2012 წლებში იყო ხობის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე;
2012-2013 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
2013-2016 წლებში იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე;
2016 წლის 15 თებერვლიდან გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან სხვა სასამართლოში დანიშვნის გამო;
2016 წლის 15 თებერვლიდან გამწესდა მოსამართლედ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 2017 წლის 1 აგვისტოდან დაეკისრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება;
ლერი თედორაძის უვადო მოსამართლედ 13 ხმით ერთის წინააღმდეგ დაინიშნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით უვადოდ სულ 8 მოსამართლე გამწესდა.
როგორც რადიო “ძველ ქალაქს” იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, საბჭოს უვადოდ გამწესების თხოვნით 48 მოსამართლემ მიმართა. თუმცა აქედან მხოლოდ რვა მოსამართლეს ეწურებოდა ვადა. დანარჩენებს უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ. შესაბამისად, საბჭო მათთან გასაუბრებას და კენჭისყრას მოგვიანებით ჩანიშნავს.