“ლეიბორისტული პარტიის” წევრები ქუთაისში ახლადგახსნილ სკეიტპარკში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ საუბრობენ.

როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, სამუშაოები კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა. მათივე განმარტებით, ატრაქციები და საფარი მწყობრიდანაა გამოსული. გარდა ამისა, ადგილი უმეთვალყურეოდაა დარჩენილი და დაბინძურებულია.

“მერმა განაცხადა, რომ მოედანი ევროპული სტანდარტის იყო. პარკი რამდენიმე თვის წინ მოეწყო და დღეს აქ ინფრასტრუქტურა წყობიდანაა გამოსული, მოედანზე წყალი დგება. შემსრულებელი ვალდებულია ხარვეზები თავისი ხარჯებით 4 წლის განმავლობაში გამოასწოროს. მიუხედავად პრობლემებისა, სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა,”-განაცხადა პარტიის წევრმა ირაკლი კიკვაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, მერმა თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან ქალაქი მილიონობით ლარს კარგავს.

“ესაა მაგალითი იმისა, რატომ არ უნდა იყოს გიორგი ჭიღვარია მერი. ქუთაისში ყველა პროექტი ხარვეზით არის შესრულებული. ჭიღვარიას მერობის ყოველი დღე ქალაქისათვის ზიანია. პარკის შემთხვევაშიც, საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს. მერი უნდა გადადგეს თანამდებობიდან,”-განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა სამსონ გუგავამ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან. მათივე განმარტებით, ადგილზე ინფრასტრუქტურა უცნობმა პირებმა დააზიანეს და შესაბამისი სამუშაოები მალევე დაიწყება.

სკეიტ პარკის მოწყობის სამუშაოები კომპანია “დაკი”-მ შეასრულა, რაზეც 200 000 ლარამდე დაიხარჯა.

ფოტო:რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *