“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია ქუთაისში არსებული მოუწესრიგებელი სატრანსპორტო სისტემის შესახებ საუბრობს.
ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დღეს ქალაქს ემსახურება, მოძველებული, გაუმართავი და არაადაპტირებულია. გარდა ამისა, ტრანსპორტი არ მუშაობს საღამოს საათებში. გიგა შუშანია ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდებს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ხელისუფლებამ არსებული პრობლემების მოგვარებაზე იმუშაოს.
“ქუთაისში არსებულ სამოქალაქო ტრანსპორტს სალიცენზიო ვადა უკვე გადის. ამ დროს ქუთაისის მერიას არ აქვს არანაირი გეგმა, როგორ მოგვარდეს პრობლემები. რაც შეეხება დაპირებას რომ შეიქმნება მუნიციპალური ტრანსპორტი, ამისათვის ათეულობით მილიონი ლარია საჭირო, რომლის საშუალებაც ქუთაისის ბიუჯეტს არ აქვს,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის აზრით, სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს, მერიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისაგან, შშმ პირთა თემატიკაზე მომუშავე ჯგუფებისაგან და ტრანსპორტის სპეციალისტებისაგან უნდა შედგეს.
ფოტო:რადიო “ძველი ქალაქი”