საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს ქუთაისიდან მიმართავენ.
მსახიობი ენდი ძიძავა ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხს ეხმაურება. ის საქართველოს პრეზიდენტს სთხოვს, დაატოვებინოს პარლამენტი ქუთაისში მმართველ გუნდს.
“ქალბატონო პრეზიდენტო! კიდევ ერთხელ გილოცავთ და პირდაპირ საქმით დავიწყებ. გადამღლელი დღეები გაქვთ ვიცი, მაგრამ დრო არ ითმენს, ქალბატონო პრეზიდენტო! თქვენ ხომ ხალხის პრეზდენტი ხართ?!იქნებ თქვენ მაინც დაუგდოთ ყური ჩვენს თხოვნას, დაგვეხმაროთ და დაატოვებინოთ პარლამენტი ქუთაისში “მაგათ”, ისინი ხომ დეპუტატების მანდატებით მხოლოდ თავიანთ კეთილდღეობაზე და კომფორტზე ფიქრობენ, ქალბატონო პრეზიდენტო?!… თქვენ ხომ ჩვენზე, ყველაზე, კარგად იცით ამ სტატუსის შენარჩუნებით რა დიდი საქმე გაუკეთდება ჩემს ქალაქს… დარწმუნებული ვარ, თქვენი დიდი წინაპარი, თქვენი დიდი ბაბუა ნიკო ნიკოლაძე არასოდეს დაეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას… დაგვეხმარეთ! მე მჯერა რომ , თქვენ ხალხის პრეზიდენტი ხართ!!!”- წერს ენდი ძიძავა სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზე.
შეგახსნებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგირაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისი აღარაა. მმართველმა გუნდმა კონსტიტუციურ პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი არ მიუთითა. შესაბამისდ, მოგვიანებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის იანვრიდან საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში სრულად დაბრუნდეს.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში კი საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმება.