“ევროპული საქართველოს” ბრალდებებს ქუთაისის მერიაში უპასუხეს.
თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია, 2019 წლის ბიუჯეტი არა ჩინოვნიკების ხელფასებზე, არამედ სხვადასხვა პროექტებზე გაიწერა.
“ეს არის ბიუჯეტის პროექტი და კონსულტაციების შემდეგ მასში ცვლილებები შევა. ჩინოვნიკებზე მორგებულ ბიუჯეტში რას გულისხმობენ ზუსტად ვერ ვხვდები. ის გაიწერა ყველა ღონისძიების გათვალისწინებით. 2019 წლის ბიუჯეტი კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდული მიმართულებით გაცილებით მრავალფეროვანია. მახსენდება რამდენიმე კულტურული ღონისძიება, რომელიც უამინდობის გამო ვერ განხორციელდა. ოპოზიციის მხრიდან უკეთესი იქნებოდა მეტი კონკრეტიკა, რომელ პროექტში ხედავენ ისინი მხოლოდ ხელფასებზე ორიენტირებულობას. არის ახალი პროექტები და ბიუჯეტი ერთი-ერთში არ მეორდება. რაც შეეხება აუთვისებელ თანხებს, ის 2019 წლის ბიუჯეტში გადავა,”-განაცხადა ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილემ რუსუდან ჩინჩალაძემ.
ქუთაისის 2019 ბიუჯეტი “ქართული ოცნების” ჩინოვნიკებისა და აქტივისტების შენახვაზეა ორიენტირებული. განცხადება “ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათივე განმარტებით, ბიუჯეტში თითქმის ყველა სფეროსათვის გამოყოფილი თანხების 60-70% სახელფასო ფონდს შეადგენს. ოპოზიციის წარმომადგენლები ყურადღებას 2018 წლის ბიუჯეტში აუთვისებელ თანხებზეც ამახვილებენ. მათივე განმარტებით, განათლების სფეროში 116 000 ლარი, სპორტში 23 000 ლარი, კულტურის სფეროში 118 000 ლარი, ახალგაზრდული მიმართულებით კი 51 000 ლარია აუთვისებელი. პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული არასწორი მენეჯმენტის ბრალია.
“ევროპული საქართველო” თვითმმართველობას ბიუჯეტში პრიორიტეტების გადახედვისაკენ მოუწოდებს.