ქუთაისის 2019 ბიუჯეტი “ქართული ოცნების” ჩინოვნიკებისა და აქტივისტების შენახვაზეა
ორიენტირებული. განცხადებას “ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები აკეთებენ. მათივე განმარტებით, ბიუჯეტში თითქმის ყველა სფეროსათვის გამოყოფილი თანხების 60-70% სახელფასო ფონდს შეადგენს.
“სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისათვის იბრძოდნენ იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტები დასაქმებულიყვნენ. არავინ არ ფიქრობს, რომ ქუთაისის მომავალს მას შემდეგ, რაც მან საპარლამენტო ქალაქის სტატუსი დაკარგა, განვითარება სჭირდება,”-განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა დავით გოგისვანიძემ.
“ევროპული საქართველოს” წევრი მერაბ მეშველიანი მიიჩნევს, რომ 2018 წლის ბიუჯეტი არც ახალი პროგრამებით არის განებივრებული. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, პროგრამების უმეტესობის შინაარსობრივ ნაწილში წლების განმავლობაში არანაირი ცვლილება შესულა და არც მათთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა შეცვლილა.
“ბიუჯეტში სიახლეები პროგრამების ნაწილში არ გვხვდება. უმეტესი ღონისძიებები ციფრობრივად იგივეა, რაც წარმოდგენილი იყო 2017 -2018 წლებში. როგორ შეიძლება, პრიორიტეტები არ შეცვლილიყო,”-აცხადებს მერაბ მეშველიანი.
ოპოზიციის წარმომადგენლები ყურადღებას 2018 წლის ბიუჯეტში აუთვისებელ თანხებზეც ამახვილებენ. მათივე განმარტებით, განათლების სფეროში 116 000 ლარი, სპორტში 23 000 ლარი, კულტურის სფეროში 118 000 ლარი, ახალგაზრდული მიმართულებით კი 51 000 ლარია აუთვისებელი. პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული არასწორი მენეჯმენტის ბრალია.
“ევროპული საქართველო” თვითმმართველობას პრიორიტეტების გადახედვისაკენ მოუწოდებს.