ცესკოში დღეს, 13:00 საათზე ჩანიშნული სხდომა გადაიდო,
რომელიც 14 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე ჩატარდება. დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგები უნდა შეჯამებულიყო. ასევე, ცნობილი უნდა გამხდარიყო არჩევნების მეორე ტურის თარიღი.
სამი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს არჩევნების მეორე ტურის არასამუშაო დღეს დანიშვნისაკენ მოუწოდებს.
“საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება, თუმცა არჩევნების სამუშაო დღეს გამართვა სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. მათთვის განსაკუთრებულად რთულდება საარჩევნო უფლების რეალიზება იმ ვითარებაში, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ტარდება, რადგან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საზღვარგარეთ უქმე დღე არ იქნება.
სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველს საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებას გულისხმობს, რისთვისაც ერთი სამუშაო დღის უქმედ გამოცხადება საკმარისი არ არის,”-ნათქვამია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მეორე ტურში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის მოუწევს.